ივლისი 3, 2020

ადვოკატი: ხუთი მოწმე ადასტურებს, რომ იმ დღეს, თამთა თოდაძე უკიდურესად ნასვამი იყო

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ „ქართული ოცნების“დეპუტატის ილია ჯიშკარიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ შემთხვევის დღეს, დაზარალებული თამთა თოდაძე ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა. ადვოკატის თქმით, მას სერიოზული მტკიცებულებები აქვს, რომელსაც სასამართლოში წარადგენს.

„გამოძიებამ ერთ კითხვაზე გამცეს პასუხი – რატომ არ ჩაუტარეს თამთა თოდაძეს ექსპერტიზა? ის იყო უკიდურესი ალკოჰოლური თრობის ქვეშ. მაინტერესებს, ეს ფაქტი რატომ არის უგულებელყოფილი? გამოძიებასთან მეც უამარავი კითხვა მაქვს.რატომ არ არის ექსპერტიზა ჩატარებული? ალკოტესტი სად არის? ხუთი მოწმე ადასტურებს, რომ იმ დღეს, თამთა თოდაძე უკიდურესად ნასვამი იყო. ბოთლი ამოღებულია. ეს არის უმთავრესი. მაქვს მტკიცებულებები, თუ როგორ იქცევა ეს ადამიანი ნასვამ მდგომარეობაში. ამ საქმის გარდა, კიდევ ორ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს თამთა თოდაძის სახელი. საუბარია, ალკოჰოლური თრობიდან გამომდინარე მის ქმედებებზე“, – განაცხადა კუბლაშვილმა.

ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი შემთხვევის დღეს ნასვამ მდგომარეობაში არ ყოფილა.

„ჯიშკარიანს იმ დღეს, 2 ჭიქაზე მეტი არ ჰქონდა დალეული, ფიზიკურად ვერ დალევდა, აკრძალული აქვს და ყოველდღე მხოლოდ 2 ჭიქას სვამდა, რადგან სისხლძარღვებს აფართოვებს“, – აღნიშნავს ადვოკატი.

კომენტარის დამატება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *