fbpx
ოქტომბერი 17, 2019

გახარია ალიევს: საქართველო და აზერბაიჯანი ყოველთვის იპოვიან სწორ სიტყვებს და გზებს არსებული პრობლემების გადასაწყვეტად

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის გიორგი გახარიას ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, პრეზიდენტ ალიევთან პირისპირ შეხვედრით დაიწყო. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად მიმართულებებზე, ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხებსა და რეგიონული დატვირთვის პროექტებზე, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ.

პრემიერმინისტრმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. “ძალიან კარგად მახსოვს ჩვენი შეხვედრები,ძალიან გულწრფელი, ღია საუბრები,რაც ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო. აზერბაიჯანი და საქართველო უახლოესი მეგობრები და პარტნიორები არიან. ჩვენი პარტნიორობა მართლაც გასცდა რეგიონულ მნიშვნელობას და საერთაშორისო დონის თემა გახდა, განსაკუთრებით ეკონომიკურ განზომილებაში, ენერგომატარებლების, ტრანსპორტის, ვაჭრობის სფეროებში. საქართველო და აზერბაიჯანი მყარად და ურყევად უჭერენ მხარს ერთმანეთს საერთაშორისო ფორმატებში. რა თქმა უნდა, ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია და მადლობას გიხდით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ჩვენს მოქალაქეებს შორის ადამიანურ დონეზე ძალიან თბილი და მჭიდრო ურთიერთობები, რომელიც საუკუნეების ისტორიას და კულტურულ ურთიერთობას მოიცავს. როგორც ყოველთვის, დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ვიზიტი, საუბრები და საქმიანი განხილვები იქნება უაღრესად პროდუქტიული და კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს ყველას, ჩვენს მეგობარსაც და მტერსაც, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ყოველთვის იპოვიან სწორ სიტყვებს და გზებს არსებული პრობლემების გადასაწყვეტად”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარის დამატება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *