მაისი 29, 2020

იგავი – აფრიკელი მეფე

ძალიან დიდი ხნის წინ, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ ფილთა თოფებით სარგებლობდა კაცობრიობა, აფრიკაში იყო ერთი მეფე, რომელსაც ყავდა ბავშვობის მეგობარი. მეფე   მეგობარს ენდობოდა და  ყველგან განუყრელნი იყვნენ, ერთად ნადირობდნენ, ერთად ერთობოდნენ და  ა.შ. ერთ დღეს ნადირობისას, მეგობარმა დაუტენა მეფეს ფილთა თოფი, მეფემ გაისროლა, თუმცა დატრიალდა უბედურება, თოფი გასკდა და მეფეს მოაგლიჯა საჩვენებელი თითი. გამწარებულმა მეფემ უყვირა მეგობარს, – ეს რა მიქენი, რა დატენე ასეთიო?!

მეფე ბატონო, რაც მოხდა ყველაფერი კარგიაო – უპასუხა მეგობარმა; – რაა კარგი, საკუთარ სისხლში, რომ ვარ ამოსვრილი, საჩვენებელი თითი, რომ არ მაქვს ესაა კარგიო – იყვირა კვლავ მეფემ და თავის ქვეშედრომებს უბრძანა, ჩააგდეთ ყველაზე ბნელ, ყველაზე საშინელ დილეგში და გაიგებს რა არის კარგი და რა არაო. უმალვე აღსრულდა მეფის ბრძანება და მისი უახლოესი მეგობარი, მეფის ბრძანების შესაბამისად  დილეგში ჩააგდეს.

ამ ამბის შემდეგ გავიდა ერთი წელიწადი, ცხოვრება გაგრძელდა, მეფე შეეგუა იმას, რომ არ ჰქონდა საჩვენებელი თითი, თუმცა ვერ აპატია მეგობარს მისი სიტყვები და მეფის ბავშობის მეგობარი კვლავ დილეგში იჯდა.

ერთ დღეს, ნადირობისას, მეფეს შემოაღამდა, რა დროსაც მის ამალას თავს დაესხნენ კანიბალები, მეფის ამალის ნაწილი განადგურდა, ნაწილი კი მეფესთან ერთად ტყვედ ჩავარდა. დატყვევებულები კანიბალებმა წაიყვანეს თავიანთ ბუნაგში, დაანთეს ცეცხლი და დაიწყეს სამზადისი მათ შესაჭმელად. კოცონის შუქზე დაინახეს, რომ გაბაწრულ მეფეს აკლდა საჩვენებელი  თითი, ხოლო მათი ცრურწმენის გამო ისინი ნაკლულ ადამიანებს არ ჭამდნენ

 – წადი აქიდან, ჩვენ ნაკლულ ადამიანებს არ ვჭამთო, უთხრა მეფეს კანიბალების ბელადმა და მეფე გაუშვა;

მეფე ბედნიერი, გახარებული გაეცალა  კანიბალების ბუნაგს, მისი გული აჩქარებულად ძგერდა, ის არ მივიდა თავის სასახლეში, პირდაპირ დილეგში მივიდა, ჩაუვარდა პატიმარ მეგობარს ფეხებში და შეევედრა – მაპატიე მეგობარო, რომ ერთი წელიწადია ტანჯვაში იმყოფები, ერთი წელიწადია მზის შუქი არ გინახავს, შემინდე, იმ შემთხვევის წყალობით დღეს მეორეჯერ დავიბადე და მოყვა მეგობარს თუ რა გადახდა თავს

მეფის დატანჯულ მეგობარს გაეცინა და უთხრა მეფეს, – მეფე ბატონო ნუ მთხოვ პატიებას, შენ, რომ ციხეში ჩამსვი ეს კარგი იყოო;

გაბრაზდა მეფე, რა იყო კარგი, ერთი წელიწადია ტანჯვაში და წამებაში ხარ და ეს იყო კარგიო?- მეფე ბატონო, შენ მე ციხეში, რომ არ ჩაგესვი იმ დღეს, მე არ ვიქნებოდი დღეს ცოცხალი, ვინაიდან შენთან ერთად ვიქნებოდი ნადირობისას და კანიბალები შემჭამდნენო.

შეგონება: რაც ხდება ჩვენს თავს ადამიანებო შემთხვევითი არაფერი არაა, ხდება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს სასიკეთოდ, ჩვენი სულისათვის და სიბრძნის მოსაპოვებლად.

კომენტარის დამატება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *