მაისი 29, 2020

მაკო ჩიქოვანი – ოქტომბრის ვარდი

გრძნობის სამოსს ვქსოვ მე დღის ძაფიდან
და სული ცეკვავს მზის ტბასთან ბალეტს…
შენ, ჩემი გულის ღრმა სარდაფიდან,
ზეცის ბაღები შემომატარე…
დილას შეხვდება გზის გასაყართან,
ერთი ვარსკვლავით ნაკლები მთვარე
და ვითვლი ჩემი სულის საყდართან,
ოქტომბრის ვარდთა, თეთრ სალოცავებს.
როგორც მადონა ცის კიბეებთან,
მეც წრფელი გრძნობის ვდარაჯობ კიბეს,
ამ გაბზარული დღის სარკეებთან,
ბედის იალქანს ჩამოვეკიდე.
ოქტომბრის ვარდი, ცას მოწყვეტილი,
კვლავ გენიოსის ახმება დღიურს,
ყოველი დღეა, მთვარის წყვეტილი
და მაჯისცემას ქმნის ემოციურს…
შენი გულიდან, ეს შენალოცი
გრძნობა კალაპოტს სცდება მჩქეფარე,
ალივლივდება მუზის დალოცვით
მზის ტბა და ისევ ვაგრძელებ ბალეტს…

კომენტარის დამატება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *