აგვისტო 5, 2020

პოლიციამ ქუთაისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა სამარშრუტო ავტობუსის მძღოლს-1957 წელს დაბადებულ ბ.თ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

„დამნაშევ გ.ბ.-მ ამავე ავტობუსის დამხმარე მძღოლი-1974 წელს დაბადებული მ.ჩ.-ც დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მედიკოსებმა საჭირო დახმარება აღმოუჩინეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, მჭიდი და 8 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“- აცხადებენ შსს-ში.

კომენტარის დამატება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *